გაერთიანებული სამეფოს მკვიდრი მოსახლეობა ოთხი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, ესენია: ინგლისელები, შოტლანდიელები, უელსელები და ირლანდიელები. ინგლისელები და შოტლანდიელები მიეკუთვნებია ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს; უელსელები და ირლანდიელები კი, ამავე ოჯახის ქელთური ჯგუფის ხალხია.
2007 წლის მონაცემებით დიდ ბრიტანთში ცხოვრობდა 60,6 მლნ კაცი და იგი ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოში, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ. მცირდება ან სტაბილური ხდება სიკვდილიანობა, რაც განპირობებულია: ცხოვრების დონის კიდევ უფრო ამაღლებით, კვების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებით, სამედიცინო მეცნიერებათა პროგრესით, აგრეთვე ჯანდაცვითი და სამუშაო პირობების უსაფრთხოების დაცვით. ქვეყანაში პრაქტიკულად აღმოფხვრილია სიკვდილიანობა ინფექციური დაავადებების გზით.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში.
ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასა და განლაგებაზე ტრადიციულად გავლენას ახდენს როგორც შიგა, ასევე საგარეო მიგრაცია. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მოსახლეობის მიგრაცია ძველი სამრეწველო რაიონებიდან, ძირითადად ინგლისის აღმოსავლეთი, სამხრეთ- აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის რაიონებისაკენ. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლონდონის განტვირთვას, თუმცა დღეს კვლავ იზრდება ლონდონში მცხოვრებთა რიცხვი. რაც შეეხება საერთაშორისო მიგრაციას, ბოლო წლებში ამ მხრივ სამეფოს დადებითი ბალანსი აქვს. ქვეყანაში საცხოვრებლად ძირითადად ჩამოდიან ევროპიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. მნიშვნელოვანია ასევე მიგრანტთა რაოდენობა აშშ-სა და თანამეგობრობის ახალი ქვეყნებიდან.
ბრიტანელებს დანარჩენი მსოფლიოსაგან განასხვავებს თავიანთი ცხოვრების წესი. ისინი განსაკუთრებული ტემპერამენტის მქონე ადამიანები არიან. ცდილობენ შეიქმნან მშვიდი საცხოვრებელი გარემო. მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა მელანქოლიკია, ამ ფაქტს ფსიქოლოგები ლონდონის უამინდო და ნისლიან დღეებს მიაწერენ. ბრიტანელები შრომისმოყვარე ხალხია, დიდ დროს უთმობენ განათლებასა და კარიერულ წინსვლას, შესაბვამისად განათლების დონის მაჩვენებლით ისინი შესაშურ პოზიციაზე არიან. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინგლისურად საუბრობს, მათი 71% ქრისტიანია, არიან კათოლიკეები, პროტესტანტები, პრესვიტარიანელები და სხვა. ბრიტანეთში ასევე ცხოვრობენ მუსლიმები, ჰინდუისტები, ბუდისტები. 2001 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად კი, მოსახლეობის 15% არარელიგიურია.
No comments:
Post a Comment